თბილისში უკრაინის თხილის ბაზრის მხარდასაჭერად კონფერენცია გაიმართება

19 ნოემბერს, თბილისში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით, „უკრაინის თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოსთან.“ კონფერენცია სოფლის მეურნეობის დარგის პორტალ EastFruit-ის პროექტის მიერ, ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით არის ორგანიზებული.

„ღონისძიება მიმდინარე რთულ ომში უკრაინის თხილის ბაზრის მხარდასაჭერად ტარდება და მთავარი ამოცანა უკრაინელი კოლეგებისთვის თხილის ქართველი მწარმოებლების გამოცდილების გაზიარებაა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

EastFruit-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება გლობალური ტენდენციები თხილის მსოფლიო ბაზარსა და უკრაინა-საქართველოს თხილის სექტორში, ასევე, პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა, სასარგებლო იყოს ორივე ქვეყნის თხილის მწარმოებლებისთვის.

როგორც საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის (AWPA) თანადამფუძნებელი, ლერი ტაბატაძე აცხადებს, ქართველ მწარმოებლებს კონფერენციაზე გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.

EastFruit-ის მონაცემებით, უკრაინაში წამყვანი საექსპორტო პოზიცია კაკალს უკავია. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ამასთან, უკრაინის სამხრეთით ნუშის მოყვანაზე ექსპერიმენტი აქტიურად მიმდნიარეობს, რომლის დროსაც აქცენტი საკუთარ განვითარებასა და სელექციაზე კეთდება.

კონფერენცია საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება. ის უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ