მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიაში EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მიშელ როშასთან და EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის მმართველ დირექტორთან, ანდრე მაკთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„კერძოდ, საუბარი შეეხო ლოზანას EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საკითხებს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე აქტიური მუშაობა, რაც გულისხმობს მსოფლიოს საუკეთესო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და სასწავლო პროცესში წამყვანი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობას. ამ მიმართულებით კი მსოფლიოში საუკეთესო EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის მოხარული იქნება, თუ EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლა საქართველოს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით.

თავის მხრივ, EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მიშელ როშამ და EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის მმართველმა დირექტორმა ანდრე მაკმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ესწრებოდა.

EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლა 1893 წელს დაარსდა და დღეისათვის აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესო უმაღლეს სკოლად სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. სასწავლებლის ბიზნესის მართვის კურსდამთავრებულები საქმიანობას აგრძელებენ მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებში, რესტორნებსა და ტურიზმის სხვადასხვა სფეროში. სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სკოლის ბაზაზე მდებარეობს ღვინის დეგუსტაციის დარბაზი და რამდენიმე სასწავლო რესტორანი, რომლებიც სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობით ფუნქციონირებს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.