„აწარმოე საქართველოში“ FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

10 ნოემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულ კომპანია „Lineate”-ს შორის FDI გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა.

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 85-მდე ადამიანს ასაქმებს. FDI გრანტის ფარგლებში კი, ამერიკული კომპანია 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და არანაკლებ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„Lineate“ პირველი კომპანიაა, რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით, FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.

პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში, კერძოდ ახალი/დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.