ევროპარლამენტმა უკრაინასთან საავტომობილო გადაზიდვები გაამარტივა

ევროპარლამენტმა საქონლის ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტირების გამარტივებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან გაფორმებული ევროკავშირის შეთანხმებები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

შეთანხმებები ევროკავშირის ქვეყნებთან არსებულ ორმხრივ სატრანსპორტო ხელშეკრულებებს ჩაანაცვლებს და საგზაო სატვირთო გადაზიდვებს დროებით გაამარტივებს. უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის გადამზიდველებს საშუალება ეძლევათ, ტრანზიტი ერთმანეთის ტერიტორიით განახორციელონ და ამ ტერიტორიებს შორის შესაბამისი ნებართვის გარეშე იმუშაონ. გარდა ამისა, ევროკავშირთან შეთანხმება საშუალებას მისცემს უკრაინელ მძღოლებს, უკრაინული მართვის მოწმობები და პროფესიული კომპეტენციის სერტიფიკატები ევროკავშირში მართვისთვის გამოიყენონ.

საავტომობილო ტრანსპორტზე ორი ახალი შეთანხმება არის ევროკავშირის პასუხი უკრაინისა და მოლდოვის სატრანსპორტო შეფერხებებზე, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. განცხადებაში ნათქვამია, რომ „რაკი უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო მოძრაობისთვის დაკეტილია, ხოლო საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას სჭირდება ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტები მარცვლეულის, საწვავის, საკვები პროდუქტებისა და სხვა შესაბამისი საქონლის ექსპორტისთვის.“ ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირის გავლით ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები და მისი ტერიტორიით უკრაინული საქონლის ტრანზიტში დახმარება მოლდოვასაც სჭირდება.

ორივე შეთანხმება დროებითია და მიმდინარე წლის 29 ივნისიდან მოქმედებს. პარლამენტის შემდეგ ისინი ოფიციალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ