ბიძინა ივანიშვილის ძმა და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები - ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც რუსეთში სპირტიანი სასმელები გააქვთ

წელს, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის 5 კომპანია, რომელსაც რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია გააქვს:

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, სადაც თამჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა დავით დუგლაძეა, თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ზაალ დუგლაძის მეუღლე, ეკატერინე დუგლაძე.

შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.

შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.

შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.

ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

იხილეთ ასევე:

შამპანურის ექსპორტი 92,5%-ით, ღვინის კი 15% გაიზარდა - რუსეთი დასავლურ ბრენდებს ქართული სასმელით ანაცვლებს?!

საახალწლოდ რუსეთში უცხოურ ბრენდებს ქართული და სომხური ალკოჰოლური სასმელები ჩაანაცვლებს - RBC

თამარ მუკბანიანი