შვედეთმა წელსაც ყველაზე მეტად ინოვაციური ქვეყნის სტატუსი მოიპოვა

ინოვაციური განვითარებით ევროკავშირის ქვეყნების ტოპ 10-ეულში კვლავ შვედეთი ლიდერობს. ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ კვლევაში არის ნათქვამი, რომლის დროსაც ქვეყნების ინოვაციური განვითარება 36 განსხვავებული ინდიკატორით ფასდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

შვედეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის განვითარებული სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო პლატფორმები, ხოლო კერძო კომპანიები და სახელმწიფო ერთმანეთთან საუკეთესოდ თანამშრომლობენ. შვედეთი დიგიტალიზაციითა და გარემოსდაცვითი მდგრადობით საუკეთესო ქვეყანაა. მან, ასევე, ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოგონება დაარეგისტრირა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ინოვაციური ქვეყნის სტატუსი შვედეთმა გასულ წელსაც მოიპოვა.

ევროკავშირის ინოვაციური ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • შვედეთი
  • ფინეთი
  • დანია
  • ნიდერლანდები
  • ბელგია
  • ირლანდია
  • ლუქსემბურგი
  • ავსტრია
  • გერმანია
  • კვიპროსი

ჩეხეთი, ირლანდია და ფინეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის ლიდერობენ, რომლებიც, სხვებთან შედარებით, ინოვაციების სფეროში სწრაფად იზრდებიან. აქ ინდიკატორები ერთ წელიწადში 7,5%-ზე მეტად გაუმჯობესდა.

„ევროპულსის“ ცნობით, ევროკომისია, ასევე, ყოველწლიურად კონკრეტულ ქალაქებს აღიარებს, რომლებსაც მთელი რეგიონის ინოვაციურ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. ამჟამად ევროპის ინოვაციების დედაქალაქის (iCapital) ოფიციალურ ტიტულს გერმანიის ქალაქი, დორტმუნდი ატარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ