ქუთაისის აეროპორტში მეტეოროლოგიური ცენტრი გაიხსნა

ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე, "საქაერონავიგაციამ" ამინდზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, მეტეო-ოფისის ახალი შენობა გახსნა.

შენობა მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. მეტეო-ოფისის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია - UN Studio-ს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს "რონკომ" 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების - ICAO- ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. შენობაში მოეწყო მეტეო დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი.

ცენტრი აღიჭურვა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.