მსესხებლების 20% მიკრო საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის - რას შეცვლის ბაზარზე მიკრო-ბანკების გამოჩენა

საფინანსო სექტორში შესაძლოა, საშუალო ზომისა და სტაბილური ბიზნესმოდელის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ამას „მიკრო-ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნულმა ბანკმა წარადგინა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ მისო-ებს ექნებათ შესაძლებლობა, მეტად კონკურენტუნარიანი იყვნენ ბანკებთან.

„მიკრობანკები შეძლებენ, ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი რესურსები. დღეს თუ მხოლოდ სესხის გაცემა შეუძლიათ, იგივე ფილიალიდან სხვადასხვა პროდუქტებსაც გაანაწილებენ. მეორეს მხრივ, მათ ხელი მიუწვდებათ დაფინანსებაზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნებათ, შესაბამისად, მათი ფინანსური შუამავლობა გაიაფდება. ჯამურად, გაიზრდება კონკურენცია ბანკებთანაც, რადგან დღეს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის დაფარვისას ბანკის შუამავლობა გვჭირდება, შემდეგ მიკრო-ბანკს თავად შეეძლება ანგარიშების გახსნა მომხმარებლებისთვის და ბანკის გამოყენება არ დასჭირდება. ჯამურად კონკურენცია ბაზარზე გაიზრდება.

დღესაც მისო-ები კონკურენციას უწევენ ბანკებს და მსესხებლების არც თუ მცირე წილი 20% მოდის მათზე. მათ უჭირავთ თავიანთი ნიშა, სადაც ბანკებს კონკურენციას უწევენ და ეს კიდევ მეტად გაიზრდება ახალი ცვლილებების შემდეგ“, - განაცხადა ლეჟავამ „საქმეში“.

თამარ მუკბანიანი