საბერძნეთის მთავრობა სტრატეგიულ პორტში თავის წილს აღარ გაყიდის

საბერძნეთს მთავრობა ალექსანდრუპოლისის პორტში მაჟორიტარულ წილს აღარ გაყიდის, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფონდის (HRADF) დირექტორთა საბჭომ მიიღო, რაც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფონდი ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე, გემების მიმოსვლისა და კუნძულების საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ ალექსანდრუპოლისის პორტის ადმინისტრაცია განვითარდეს.“

პორტის პრივატიზაციის გაუქმება წინა დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისმა დააანონსა. მისი თქმით, დღევანდელ პირობებში ალექსანდრუპოლისს ისეთი დიდი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობა მიენიჭა ქვეყნისთვის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ის უნდა დარჩეს ბერძნული საზოგადოების იურისდიქციის ქვეშ.“

პორტი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს და აქვს პოტენციალი, ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. კერძოდ, პორტში მცურავი გაზსაცავისა და რეგაზიფიკაციის ობიექტის შექმნა იგეგმება, რაც უკრაინის ომის ფონზე ევროპას საშუალებას მისცემს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე.

ამასთან, თებერვლიდან ალექსანდრუპოლისის პორტი ნატოს სამხედრო ტექნიკის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიულ მარშრუტად გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ