მიტოვებული ესპანური ქალაქი 260 ათას ევროდ იყიდება

ესპანეთში მიტოვებული ქალაქი, სალტო დე კასტრო გასაყიდად გამოიტანეს, რომლის ფასიც მხოლოდ 260 ათასი ევროა. BBC-ის ცნობით, ხელისუფლების მიზანი ახალი ინვესტორის მოძიებაა, რომელიც პატრა ქალაქს დანიშნულებას მიანიჭებს.

სალტო დე კასტრო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვართან მდებარეობს. დასახლების მცირე ზომის მიუხედავად, მას ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა აქვს. 44 სახლის, სკოლისა და ეკლესიის გარდა, პატარა ქალაქში მუნიციპალური საცურაო აუზი, სასტუმრო და საზოგადოებრივი დარაჯის საცხოვრებელიც კი არის განთავსებული.

სალტო დე კასტროში 30 წელზე მეტია, არავინ ცხოვრობს. დასახლება 1950-იან წლებში, ენერგეტიკული კომპანიის მიერ თავისი მუშების ოჯახებისთვის აშენდა, რომლებიც ობიექტს მიმდებარედ აშენებდნენ. თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი საცოვრებლად სხვა ადგილებზე გადავიდნენ და 1980-იანი წლებიდან ქალაქში აღარავინ დარჩა, რომელიც ისედაც ქვეყნის მცირედ დასახლებულ რეგიონში მდებარეობს. 2000-იან წლებში დასახლება ინვესტორმა შეიძინა, რომელიც მის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ფიქრობდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იძულებული გახდა, გეგმაზე უარი ეთქვა. სალტო დე კასტროს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა.

ინვესტორის წარმომადგენელ კომპანიაში აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანის დღიდან ქალაქით აქტიურად ინტერესდებიან. მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, 300-მდე ადამიანი დეტალების დაზუსტებას ითხოვდა, ხოლო ერთ-ერთმა პირმა ობიექტი წინასწარი შენატანით „დაჯავშნა.“

ეს სალტო დე კასტროს გაყიდვის პირველი მცდელობა არ არის. თავიდან ქალაქი 6,5 მლნ ევროდ იყიდებოდა, თუმცა ასეთი თანხის გადახდის მსურველი არ გამოჩნდა. დროთა განმავლობაში შენობების მდგომარეობა გაუარესდა და მთელი დასახლების ფასი მადრიდის ან ბარსელონის ბინის ღირებულებამდე დაეცა.

დასახლების „გაცოცხლებას“ და მომგებიან ბიზნესპროექტად გადაქცევას, დაახლოებით, 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია სჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ