„ბიო, ორგანული, ნატურალური პროდუქტების მიმართულებით უნდა წავიდეთ“ - რა პროდუქტზეა მოთხოვნა ევროპაში

„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში კონკურენცია ძალიან დიდია, მიმწოდებლების კუთხით, პირველ რიგში, წარმოების სტანდარტების დახვეწაზე უნდა ვიზრუნოთ“,- ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტმა, გიორგი გუდაბანძემ „ბიზნესპრესნიუსითან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი ევროპაში უფრო მოთხოვნადი გახდეს, საჭიროა, კონკრეტული ნიშა დაიკავოს. კერძოდ, ბიო, ორგანული, ნატურალური პროდუქტები უნდა ვაწარმოოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენციის დაძლევა გაგვიჭირდება.

„მთავარია, სწორი მარკეტინგი და ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს. იმიტომ, რომ ევროპა სურსათის კუთხით მზარდი ბაზარია და ყოველთვის არის მოთხოვნა. აუცილებელია, კონკრეტული სტანდარტი დააკმაყოფილო, ეს სურსათის უვნებლობას ეხება პირდაპირ და შემდეგ უკვე ყველაფრის გაყიდვა შეიძლება.

სამწუხაროდ, საქართველოში წარმოების სტანდარტები და სურსათის უვნებლობა იმ დონეზე არ არის, როგორიც მოითხოვება ევროპაში და ზოგადად, ნებისმიერი, განვითარებული ეკონომიის მქონე ქვეყნებში. თუ წარმოებაში ეს გათვალისწინებული არ იქნება, მასზე არც მოთხოვნა იარსებებს. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში კონკურენცია ძალიან დიდია, მიმწოდებლების კუთხით, პირველ რიგში, წარმოების სტანდარტების დახვეწაზე უნდა ვიზრუნოთ.

მეორე, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დიდ მწარმოებლებს, შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული ნიშა უნდა დავიკავოთ. მაგალითად, განვიხილოთ ღვინო, რომელიც ჩვენი სავიზიტო პროდუქტია მთელ მსოფლიოში, თუმცა ინდუსტრიული ღვინით ვერასდროს ვერავის გავუწევთ კონკურენციას. იმიტომ, რომ არსებობენ ისეთი დიდი მიმწოდებლები, როგორებიც არიან აშშ, ჩილე, არგენტინა და სხვა. ჩვენ მათ რაოდენობის კუთხით ვერასდროს გავუწევთ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ სხვა მიმართულებით უნდა ვპოზიციონირებდეთ, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად გვაქვს. მაგალითად, ქვევრის ღვინო, რომელიც უნიკალურია და თავისი სხვა უპირატესობებით გამორჩევა. ანუ, უფრო ბიო, ორგანული, ნატურალური პროდუქტების მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ ევროპაში კონკრეტული ადგილი დავიკავოთ“,- განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.

ნინი ქეთელაური