მიხეილ მაჭავარიანი: გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათი აჩენს ეჭვს, რომ სადღაც რაღაც "ტყდება"

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, გაჩერებული სამშენებლო ობიექტებისთვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათით პატიოსანი გადამხდელები იჩაგრებიან, რადგან შეღავათი არ ვრცელდება მათზე, ვინც დღგ-ს გადასახადი უკვე გადაიხადა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას მაჭავარიანმა განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს და ბადებს ეჭვს, რომ "სადღაც რაღაც ტყდება".  "არიან ადამიანები, რომელთაც დამატებითი ღირებულების გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ. შეიძლება მან ამისთვის კრედიტი აიღო, რაღაც ინვესტიციას მოაკლო. ის პატიოსანი გადამხდელია და გადაიხადა. ახლა ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომ მათ ვინც დღგ-ს გადასახადი არ გადაიხადეს, ექნებათ შეღავათი, ხოლო ვინც გადაიხადა, გამოდის, რომ მოტყუებულია. რაღაც მოსაფირებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით და მიჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ინიციატივის მომზადება გარკვეულ კომპანიებთან გარიგებით მოხდა – ვიღაცეებს გადაახდევინეთ, ხოლო ვიღაცეებს შეუთვალეთ, არ გადაეხადათ", - განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა დაადასტურა, რომ საგადასახადო შეღავათი არ შეეხება მათ, ვისაც დღგ-ს გადასახადი გადახდილი აქვთ. "გარკვეულწილად გეთანხმებით, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცამ გადასახადი გადაიხადა, ხოლო ვინც არ გადაიხადა, შესაძლოა, უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს, მაგრამ ეს შეთავათი არ წესდება უშუალოდ კომპანიების მიხედვით, ეს არის შეღავათი ობიექტების მიხედვით და არის მკაცრად გაწერილი პირობებით", - აღნიშნა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი შეეხება 30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. სულ მისაწოდებელი ფართების ოდენობა 900 000 კვ.მ-ზე მეტს შეადგენს, ხოლო სარეალიზაციო ღირებულება მილიარდი 200 მილიონ ლარს აღემატება. ლაშა ხუციშვილის თქმით, უშუალოდ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც ასეთ მშენებლობებში ფართი აქვთ შეძენილი, 15 ათასამდე პირს შეადგენს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის ოდენობას, ხუციშვილის განცხადებით, ის 200 მილიონი ლარია.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დამატებითი ღირებულების გადასახადზე საგადასახადო შეღავათის დაწესებას ითვალისწინებს, რაც 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ ობიექტებზე გავრცელდება. პირობა კი არის ის, რომ გაჩერებული ობიექტების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასრულდეს.