ასლან ბჟანია - აფხაზეთს ენერგოკრიზისის დაძლევის გზები არ გააჩნია

დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთის საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ენერგოკრიზისის მოგვარების გზები არ არსებობს. ამის შესახებ ბჟანიამ თავისი ე.წ. პრეზიდენტობის ორწელიწადნახევრიანი პერიოდის ანგარიშის დროს განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მისი თქმით, „სპეციალისტების მიერ 2017 წელს ჩატარებული გათვლებით, ენერგეტიკული სისტემის კრიზისიდან გამოსაყვანად აფხაზეთს, მინიმუმ, 20 მლრდ რუბლი (331 183 260 დოლარი) სჭირდება, რაშიც საბიუჯეტო სახსრების წილი 6,5 მლრდ რუბლია (107 970 019 დოლარია).“

„ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების გზები არ არსებობს,“ - აცხადებს ბჟანია.

მისი თქმით, „ნანობს, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები ელექტროენერგიის დეფიციტის შედეგებს ხშირად აწყდებიან, ხოლო დენის გადაუდებელი გათიშვა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.“

ბჟანია ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ქსელები ზღვრულ დონეზე მუშაობს და 80%-ზე მეტად არის გაცვეთილი, ხოლო მათ შეკეთებასა და განვითარებაში დიდი ინვესტიციების გარეშე აფხაზეთი, შესაძლოა, საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

„სწორედ ამიტომ არის საჭირო დიდი ოდენობით ინვესტიცია და ათობით მილიარდი რუბლის მიზიდვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც 80%-ზე მეტად გაცვეთილია,“ - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი.

თუმცა მთავარ პირობას ბჟანია „უცვლელად“ ტოვებს, რომ ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, „ენერგოსისტემის მართვაში სახელმწიფომ მთავარი როლი უნდა შეინარჩუნოს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ