ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ნაგიბ ვაბჰას შეხვდა.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„საუბარი შეეხო მელიორაციის, ჰიდრომეტეოროლოგიის, მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციის საკითხებს.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.