შვეიცარია ნიგერიას ყოფილი პრეზიდენტის მიტაცებულ 380 მილიონ დოლარს დაუბრუნებს

შვეიცარია ნიგერიას ქვეყნის ყოფილი სამხედრო მმართველის, სანი აბაჩას მიერ უკანონოდ მითვისებულ 380 მილიონ დოლარს დაუბრუნებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში აბაჩის ოჯახის მფლობელობაში არსებული სხვადასხვა კომპანიებიდან კონფისკაციის სახით ამოღებული იქნა 380 მილიონი დოლარი. ქონება ჯერ კიდევ 2006 წელს ლუქსემბურგში ჟენევის მოთხოვნით დააყადაღეს. თანხის კონფისკაცია ჟენევის პროკურატურის გადაწყვეტილებით მოხდა  და ნიგერიას მსოფლიო ბანკის კონტროლქვეშ დაუბრუნდება.

2014 წელს შვეიცარიამ ნიგერიას უკვე დაუბრუნა ექსპრეზიდენტის მიერ მითვისებული 700 მილიონი დოლარი.

1998 წელს აბაჩის გარდაცვალების შემდეგ, ნიგერიამ შვეიცარიას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დაბრუნების თხოვნით მიმართა.

ნიგერიის მოქმედი ხელისუფლება სანი აბაჩის ქვეყნის მმართველობის პერიოდში 4 მილიარდი დოლარის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს, რომელიც მან გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

სანი აბაჩი ნიგერიას 1993-1998 წლებში ედგა სათავეში.