Estee Lauder-ი Tom Ford-ის შეძენას აპირებს

14 ნოემბერს, ამერიკული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Estee Lauder-ი, მოდის სახლის, Tom Ford-ის შეძენის შესახებ განცხადებას გააკეთებს. მოლაპარაკებები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, Tom Ford-ი მიმდინარე კვირაში ჩაერთო ექსკლუზიურ მოლაპარაკებებში Estee Lauder-თან ბრენდის შეძენის შესახებ. კოსმეტიკის მწარმოებლისთვის მოდის სახლის შეძენა მის ისტორიაში უმსხვილესი შენაძენი გახდება, რომელიც 2,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ინფორმაცია ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებების შესახებ აგვისტოში გავრცელდა. თუმცა მაშინ The Wall Street Journal-ი წერდა, რომ არ არსებობდა გარანტიები კონტრაქტის დასრულების თაობაზე, ვინაიდან ბრენდის შეძენა სხვა კომპანიებსაც სურდათ. Estee Lauder-ის მთავარ კონკურენტად სახელდებოდა კომპანია Kering-ი, თუმცა Financial Times-ის მონაცემებით, Gucci-ს მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

Estee Lauder-ი, საკუთარი სახელის ქვეშ წარმოებული პროდუქციის გარდა, ასევე ფლობს 30-მდე ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არიან MAC Cosmetics-ი და Clinique. ის ასევე მოდის სახელბისთვის DKNY და Tom Ford-ი სუნამოებს აწარმოებს.

კოკა კვირკველია