კრიპტოვალუტების ბირჟა FTX გაკოტრდა

კრიპტოვალუტების ბირჟამ FTX გაკოტრების შესახებ ამერიკის კოდექსის 11 მუხლის ინიცირება მოახდინა. კომპანიის ხელმძღვანელმა, სემ ბანკმან-ფრიდმა კი პოსტი უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას FTX-ი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ რეი III გახდება.

„FTX და მასთან აფილირებულმა 130-მა კომპანიამ დელავერის სასამართლოს გაკოტრების შესახებ საქმის წარმოებით მიმართა. იმისათვის, რომ მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის აქტივების მონეტიზება“ - წერია განცხადებაში.

მანამდე, ამ კვირას ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტების ბირჟა Binance გეგმავდა FTX-ის აქტივების შეძენას, თუმცა due diligence-ის ჩატარების შემდეგ შეძენაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება კომპანიამ FTX-ის შეცდომებით ახსნა, რომელიც მომხმარებლებმა გამოავლინეს, ასევე ინფორმაციის ფონზე, რომლის თანახმად ამ კომპანიის საქმიანობით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.

FTX ბირჟის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის ფონზე კი, ბოლო 2 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა მთავარი ციფრული ვალუტა - ბიტკოინი. გუშინ, თბილისის დროით 19:30 წუთისთვის მან ღირებულების 3,8% დაკარგა და 16 803 დოლარად ივაჭრებოდა. 1 255 დოლარამდე გაუფასურდა ეთერიუმიც, Binance Coin კი 285 დოლარამდე.

კოკა კვირკველია