ლევან დავითაშვილი - საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკონტროლის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენს პარტნიორებთან - ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.

„საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებით და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.