უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა 203 მლნ დოლარად შეაფასა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით 203 მლნ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი მონაცემებით, თბოელექტროსადგურების გენერაციისა და ელექტრო გამანაწილებლების აღდგენას 7,5 მლრდ გრივნა (203 მლნ დოლარი) დასჭირდება. „ეს სამუშაოები მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს. 68 მლნ დოლარი დასჭირდება დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენას, ხოლო 135 მლნ დოლარი გამანაწილებელი სისტემების გამართვას“ - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ქვეყანაში გრძელდება გეგმიური გათიშვები. პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებებს სთხოვა, მოამზადონ გათბობის პუნქტები. „ვახდენ კონსტატირებას, რომ ჩვენ გვჭირდება მზადება სხვადასხვა სცენარისთვის და გამოუვალი სიტუაციებისთვისაც კი. პირველ რიგში, ასეთი მზადება უნდა ჩანდეს ადგილობრივი მმართველობის დონეზე, რომლებმაც უნდა გამართონ გათბობის ცენტრები. თითოეული ოლქის და თემის ხელმძღვანელი იქნება პასუხისმგებელი მკაცრი ზამთრისთვის მოსამზადებელ პროცესში“ - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყნის ენერგო ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებულია.

კოკა კვირკველია