მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ  მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაიმართა

კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მდგრადი საჯარო შესყიდვების საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე მონაწილეები „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით შემოთავაზებულ ახალ მიდგომებს და ძირითად სიახლეებს, ასევე მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციას გაეცნენ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მდგრადი საჯარო შესყიდვები, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მწვანე, ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვები, სოციალური და შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები.

აღნიშნულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვის ეტაპზე პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული.

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას ითვალისწინებს.

მუნიციპალიტეტებში შეხვედრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროგრამის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). გაეროს გარემოსდაცვის პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად”, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.