თურქეთის ტარსპორტის სამინისტრო: რუსეთმა ყირიმის ხიდის ქვეშ უცხო გემების გადაადგილება აკრძალა

სხვა ქვეყნებში დატვირთული გემები შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში, ყირიმის ხიდის ქვეშ ვეღარ იმოძრავებენ. ასეთი აკრძალვა რუსეთის ხელისუფლებამ დააწესა, რის შესახებაც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს საზღვაო საქმეთა მთავარი სამმართველო იუწყება.

უწყების ცნობით, მან რუსეთის საზღვაო ადმინისტრაციისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, „აკრძალულია რუსეთის ტერიტორიის გარეთ დატვირთული გემების მოძრაობა ჩრდილოეთით, ქერჩის სრუტის გავლით, რომელიც აზოვის ზღვაში გასვლას უზრუნველყოფს.“

როგორც ცნობილია, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, 8 ოქტომბერს ყირიმისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა ხიდზე აფეთქდა, რის შედეგადაც ყირიმისკენ მიმავალი ორი საავტომობილო ზოლი ჩაინგრა. აფეთქების შემდეგ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის, ასევე, ელექტროქსელური ენერგოხიდისა და გაზსადენის მაგისტრალის დაცვის გაძლიერების შესახებ. პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის უფლებამოსილება „ფეესბეს“ მიანიჭა.

12 ნოემბრის დილით კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება ყირიმის ხიდზე 4:00-დან 16:00 საათამდე მოძრაობა შეჩერების შესახებ და მძღოლებს მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა, დაახლოებით, 15:00 საათზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა აღდგა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ