მოზამბიკმა ისტორიაში პირველად გაიტანა გათხევადებული გაზი ექსპორტზე

ისტორიაში პირველად მოზამბიკმა გათხევადებული გაზი ექსპორტზე გაიტანა, რომელიც მოპოვებულია ინდოეთის ოკეანის გიგანტურ საბადოზე. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.

„ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი,“ - აცხადებს მოზამბიკის პრეზიდენტი ფილიპე ნიუსი.

მოსალოდნელია, რომ მოზამბიკური ბუნებრივი აირის პირველ პარტიას ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ. თავის მხრივ Rádio Moçambique იუწყება, რომ დღეს მოზამბიკის პრეზიდენტი მიმართავს ერს, რათა ამცნოს, რომ ქვეყანა ხდება ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყანა.

მოზამბიკური გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი პარტია მცურავი პლატფორმიდან Coral South-დან იქნა მიღებული, რომელიც დაერთებულია 6 ბუნებრივი აირის ჭაბურღილზე ინდოეთის ოკეანეში. აღნიშნულ პლატფორმაზე გაზის მოპოვება დაიწყო ივლისში. პროექტის ოპერატორია საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის სათავეში დგას იტალიური Eni, მასში ასევე შედის ამერიკული ExxonMobil-ი, ჩინური CNPC-ი, პორტუგალიური Galp-ი, სამხრეთ-კორეული Kogas-ი და მოზამბიკის ნაციონალური ნახშირწყალბადის კომპანია.

პლატფორმას შეუძლია წლიურად 3,4 მლნ ტონა გაზის წარმოება. იმ შელფზე, რომელზეც მუშაობს Coral South-ი, 450 მლრდ კუბ.მ. გაზის მოპოვება ხდება 2 ათასი მეტრი სიღრმიდან. მთელ მოპოვებულ ბუნებრივ აირს კი მოზამბიკის მთავრობისგან ყიდულობს ბრიტანული BP.

მოზამბიკის ჩრდილოეთით როვუმის რაიონის შელფზე 2010 წელს აღმოაჩინეს აფრიკის უმსხვილესი ღრმაწყლოვანი ნავთობისა და გაზის საბადო. ბოლო შეფასებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მარაგები აღწევს 2 ტრლნ კუბურ მეტრს.

კოკა კვირკველია