გუდაურში ოპერირებად კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში, ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და ასევე, კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მათივე ცნობით, შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთისა და ყაზბეგის მერები, „მთის ტრასების სააგენტოს“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი დაესწრო.

„იმისთვის, რომ სეზონს მომზადებულები შევხვდეთ, საჭიროა ყველა უწყებამ კოორდინირებულად ვიმუშაოთ. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. უწყებათა შორის ფუნქცია-მოვალეობები კარგად არის განაწილებული, შესაბამისად იმედს ვიტოვებთ, რომ ზამთრის 2022-2023 წლის სეზონს ღირსეულად შევხვდებით“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გეგა სალუქვაძის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს.

„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში მოხერხდა კურორტზე მოქმედ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა. ზედმიწევნით მოისმინა ორივე მხარემ გამოწვევები, მოხდა საინტერესი იდეების გაცვლა-გამოცვლა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოკლე ხანში გამოიღებს თავის შედეგს“, - განაცხადა გეგა სალუქვაძემ.

ამასთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

„ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა გუდაურში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაბამისი უწყება, რომელიც უშუალოდ ჩართულია კურორტის სწორად ფუნქციონირებასა და განვითარებაში. მოვისმინეთ მათი გამოწვევები და საჭიროებები, ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რომელიც გადაჭრილია და უკვე ნამუშევარი აქვს სახელმწიფო უწყებებს. გამოწვევებსა და საჭიროებებზე კვლავ გაგრძელდება მუშაობა და მომავალშიც გაიმართება მსგავსი სახის შეხვედრები, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა სწორად იფუნქციონიროს“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.