რაზე რამდენს ხარჯავენ ვიზიტორები საქართველოში

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ამასთან, 2022 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა კი 2 411.4 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • განთავსება - 985.8 ლარი;
  • საკვები და სასმელი - 719.4 ლარი;
  • საყიდლები - 232.4 ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 218.3 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 188.2 ლარი;
  • სხვა ხარჯი - 67.3 ლარი.
თაია არდოტელი