საქარიას გაზის საბადო ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევა

თურქეთის შავი ზღვის გაზის საბადო ექსპლუატაციაში დაპირებულ დროში, ანუ მომავალ წელს შევა, ხოლო ეროვნულ ინფრასტრუქტურასთან მის დასაკავშირებლად სამუშაოები დაჩქარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ კასტამონუს პროვინციაში ბუნებრივი აირის მილსადენის გახსნის დროს განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, პირველ ეტაპზე საქარიას გაზის საბადოს 10-დან 9 ჭაბურღილის ბურღვა დასრულდა.

„იმედია, მომავალ წელს ამ გაზის გამოყენებას დავიწყებთ,“ - აცხადებს ერდოღანი.

თურქეთმა თავის ჩრდილოეთ, შავი ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი აირის საბადო 2020 წელს აღმოაჩინა, რომლის სავარაუდო მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.

პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთმა საქარიაში „ენერგეტიკული ბაზა“ ააშენა, რომელიც, შიდა მომარაგების ჩათვლით, ბუნებრივი გაზის მარკეტპლეისად იქცევა. ერდოღანის თქმით, ქვეყანა „ბუნებრივი გაზის მოწინავე ბაზრის შესაქმნელად ემზადება, სადაც მრავალი პროდუქტი და კონტრაქტი საცნობარო ფასების დასადგენად გაერთიანდება.“

Reuters ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერდოღანს თავის გამოსვლაში რუსეთი არ უხსენებია, მაშინ, როცა ბოლო კვირების განმავლობაში პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთში შესაძლოა, ბუნებრივი აირის ჰაბი საკმაოდ სწრაფად შეიქმნას, ხოლო ამ ბაზარს ბევრი ევროპელი მომხმარებელი ეყოლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ