ევროპაში კიბერ უსაფრთხოების ყველაზე დიდი კონფერენცია ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართა

ევროპაში კიბერ უსაფრთხოების ყველაზე დიდი კონფერენცია, DefCamp2022 დასრულდა, რომელშიც ქართველი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (Scientific Cyber Security Association-SCSA) განცხადებაში არის ნათქვამი, რომელიც ასოციაციის facebook გვერდზე გავრცელდა.

DefCamp ყოველწლიურად რუმინეთში ტარდება და მსოფლიოს წამყვან პენტესტერებს, ჰაკერებს, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებსა და ამ ინდუსტრიის ორგანიზაციებს აერთიანებს.

საქართველო წარმომადგენელი DefCamp-ის ღონისძებაზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა, როცა ძირითად მომხსენებლად, ანუ Key Speaker-ად სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, მაქსიმ იავიჩი შეარჩიეს. წელს DefCamp-ზე საქართველოდან ორი ძირითადი მომხსენებელი იყო შერჩეული: SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, მაქსიმ იავიჩი და SCSA-ს ტექნიკური დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი, გიორგი ახალია.

DefCamp2022-ზე სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კიბერ უსაფრთხოებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ კომპიუტერებსა და კრიპტოგრაფიაზე, თანამედროვე დაცვის მექანიზმების (ანტივირუსები, firewallები) გვერდის ავლაზე. ტექნიკური ტიპის შეტევების გარდა, ნაჩვენები იყო სოციალური ინჟინერიისა და სოციალური ქსელის გამოყენებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებზე განხორციელებული თავდასხმები. მაქსიმ იავიჩმა „ვერკლის ხის გამოყენებით პოსტ-კვანტური ელექტრონულ ხელმოწერის“ შესახებ ისაუბრა, ხოლო გიორგი ახალაიას თემას „5G ქსელში მოწყობილობის მდებარეობის დადგენასთან დაკავშირებული საფრთხეები“ წარმოადგენდა.

კონფერენციის პარალელურად პროფესიონალ ჰაკერებს შორის ე.წ. CTF ების შეჯიბრი მიმდინარეობდა.

DefCamp-ის პირველი კონფერენცია 2011 წელს ჩატარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ