ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გეოპოლიტიკური რყევების ფონზე შუა დერეფანი გადაზიდვების განვითარების შესაძლებლობას იძლევა

მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სახმელეთო ტრანსპორტირების განვითარებისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომან ვასილენკომ პორტუგალიურ გაზეთ Diário de Notícias-თან ინტერვის დროს განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

„გეოპოლიტიკური არეულობის გათვალისწინებით, არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა, სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან ყაზახეთის და, ეგრეთ წოდებული, შუა დერეფნის გავლით განვავითაროთ, რომელიც არა მხოლოდ ჩინეთსა და ყაზახეთში, არამედ კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, შავი ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპაზე გადის,“ - აცხადებს რომან ვასილენკო.

ყაზახი დიპლომატი იქვე შენიშნავს, რომ ათი წლის განმავლობაში სამი ქვეყანა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი ჩინეთი-ევროპის ჩრდილოეთ მარშრუტის შექმნაზე მეტად კარგად მუშაობდა, „თუმცა ამჟამად ნათელი ხდება, რომ მრავალფეროვნების დიდი საჭიროება არსებობს.“ ვასილენკოს თქმით, დღეისთვის საზღვაო ვაჭრობა მეტად დიდია და მართალია, ძზნელია კონკურენიცა იმ საქონლის მოცულობასთან, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტრანსპორტირდება, მაგრამ არსებობს ნამდვილად კარგი შესაძლებლობა, რომ ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით სახმელეთო გადაზიდვები განვითარდეს.

დიპლომატის შეფასებით, ჩინეთითან ევროპისკენ მიმავალ გზაზე ყაზახეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც, აბრეშუმის გზის აღდგენის ფარგლებში, ევროპისა და აზიის სახმელეთო გზით დასაკავშირებლად საკუთარი ხედვა აქვს. მისი თქმით, აბრეშუმის გზა საბოლოოდ მაშინ დაეცა, როცა „უზარმაზარი ისტორიის მქონე საზღვაო ქვეყანამ, პორტუგალიამ გემებით მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას დაუდო საფუძველი.“ თუმცა ზუსტად ცხრა წლის წინ, 2013 წლის სექტემბერში, ასტანაში, ჩინეთის პრეზიდენტმა ახალი აბრეშუმის გზა გამოაცხადა.

დიპლომატი ამბობს, რომ ჩინეთი ვაჭრობის მოცულობით ყაზახეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

„ჩინეთი, როგორც მთავარი ინვესტორი, დიდ ფულს დებს ყაზახეთის არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მშენებლობა, ინჟინერია და მრეწველობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.