სოფლის მეურნეობის სამინისტროში JICA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი დღეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე JICA-ს აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მინო სატომ განაცხადა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული "რეგიონული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, 2015-2016 წლებში დაგეგმილია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანიც, საქართველოს რეგიონებში კერძო ბიზნესის სტიმულირების მეშვეობით, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

"იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დაინტერესებულია რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა, მათ შორის ეკოტურიზმის, განვითარებით. მზად ვართ ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ამ მიმართულებებით შემდგომ გაღრმავებას. პერსპექტიულად მიგვაჩნია, იაპონიისა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ურთიერთობების გააქტიურება და მზად ვართ ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ", - განაცხადა შეხვედრაზე მინო სატომ.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის საინტერესოა იაპონიის გამოცდილების გაზიარება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარების კუთხით. დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ სტრატეგიაში სოფლის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართლებით აქტიურად მიმდინარეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა.

მხარეებმა განიხილეს იაპონიის რეგიონებში აპრობირებული კონცეფციის "ერთი სოფელი - ერთი პროდუქტი" (One Village – One Product) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები.