ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2023 წელს, საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს, საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

„რაც შეეხება მოგების გადასახადს, აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორს არ შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. ამის დანახვა წარდგენილი ბიუჯეტიდანაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, ფისკალური ეფექტი ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი აქვს შემცირების მიმართულებით. ასეთი ტიპის შემცირება ბიუჯეტში მოგების გადასახადში ასახული არ გვაქვს. მომდევნო წელს არ იქნება გადასული სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ განაწილებული გადასახადის მოდელზე. ხოლო ის, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს საგადასახადო შემოსავლები 14 473,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში 1 049,4 მლნ ლარით არის გაზრდილი, მათ შორის: - საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 4 590,7 მლნ ლარით (იზრდება 290.7 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 829,0 მლნ ლარით (იზრდება 209,0 მლნ ლარით); დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 826,3 (იზრდება 427,7 მლნ ლარით).