Goldman Sachs - 2023 წელს აშშ-ში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება

2023 წელს აშშ-ში ინფლაცია მნიშვნელოვნად შენელდება. ამსი შესახებ ინფორმაციას Goldman Sachs-ის ეკონომისტების ანალიტიკურ წერილზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

შეერთებულ შტატებში ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი პირადი მოხმარების ხარჯების ფასთა ინდექსია (Personal Consumption Expenditures Price Index-PCE), რომელიც, Goldman Sachs-ის ექსპერტების პროგნოზით, 2023 წლის დეკემბრისთვის 2.9%-მდე დაეცემა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 5.1%-ია. სექტემბრის ბოლოს PCE 6.2% იყო, თუმცა მას მერე თანდათან იკლებს: აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, ივნისში PCE 7%, ივლისში 6.4%, ხოლო აგვისტოში (სექტემბრის მსგავსად) 6.2% იყო.

Goldman Sachs-ის ეკონომისტები წერენ, რომ ფასებზე დადებითად მოქმედებს პანდემიის შემდეგ მიწოდების ჯაჭვების აღდგენა, ასევე, უძრავი ქონების ღირებულების პიკთან მიახლოება და ხელფასების ზრდის შენელება. ბანკის ექსპერტების აზრით, საცხოვრებლის ღირებულება მაქსიმალურ დონეს გაზაფხულზე მიაღწევს და იმავე 2023 წელს შესაძლოა, პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს. ამასთან, ინფლაციაზე იმოქმედებს ენერგორესურსების ღირებულების შემცირება და დოლარის გამყარებაც. აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდა უკვე შენელებულია. მაგალითად, ოქტომბერში, 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასებმა 7,7%-ით მოიმატა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ცნობით, პანდემიის შემდეგ შეერთებული შტატების საწყობებში მარაგი შეივსო. მანქანებისა და სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა უკიდურესად დაბალი დონიდან სულ უფრო იზრდებოდა. წელს საქონლის საზღვაო გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, გაცილებით გამარტივდა. კერძოდ, გაუმჯობესდა ნახევარგამტარების მიწოდება და აშშ-ში მანქანებისთვის ჩიპების იმპორტი 2019 წლის დონეს 42%-ით აღემატება.

პანდემიის და უკრაინის ომის შედეგად ინფლაციამ შეერთებულ შტატებში, ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში რამდენიმე ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია, რამაც ენერგიის გლობალურ ფასებსა და ეკონომიკურ კავშირებზე გავლენა მოახდინა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ეკონომიკისა და საზოგადოების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, G20-ის ქვეყნებში მომუშავე მეწარმეებისთვის მთავარი საზრუნავი სწორედ მზარდი ინფლაციაა.