ნოდარ ხადური ევროკომისიის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

საქართველო ევროკავშირთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.

დღეს ფინანსთა სამინისტროში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც ევროკომისიის საბაჟო და საგადასახადო დირექტორატის დირექტორი ანტონის კასტრისიანაკისი ხელმძღვანელობს.

მონაწილეებმა განიხილეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაახლოების პირველადი შედეგები. სხდომის ფარგლებში მიიღეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი - "საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის," რომელსაც ევროკომისიის მხრიდან ეკონომიკურ, ფინანსურ, საგადასახადო და საბაჟო საკითხთა კომისარი პიერ მოსკოვისი, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აწერენ ხელს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული ეს დოკუმენტი გამოხატავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზადყოფნას, უფრო გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა. მსგავსი დოკუმენტი უკვე მოქმედებს მოლდოვასა და უკრაინასთან. აღნიშნულ ეტაპზე ხდება ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემოთავაზება.

"საბაჟო ქვეკომიტეტის პირველ სხდომაზე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის ხელმოწერა, ისტორიული მომენტია სავაჭრო ურთიერთობების დინამიური განვითარების პრაქტიკული ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან, ასევე, თვალსაჩინო დადასტურებაა ორივე მხარის ურყევი ნებისა, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც დარგის განვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება, ყოველ ღონეს ვიხმართ უფრო მდგრადი გავხადოთ საბაჟო სფეროში მიღწეული წარმატებები, მოვახდინოთ ინტენსიური კომუნიკაცია ბიზნეს საზოგადოებასთან და მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ყველა რესურსი ევროკავშირის სტანდარტების საკუთარ საქმიანობაში დანერგვისთვის. ვფიქრობთ, რომ საბაჟო თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატი იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველომ დაძლიოს ბოლოდროინდელი უარყოფითი ეკონომიკური საგარეო ფაქტორები და განაგრძოს სწრაფი აღმავლობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ის საქმიანი ურთიერთობები, რომლის დაწყების საფუძველიც საბაჟო თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატია, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი იქნება," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

როგორც ევროკომისიის საბაჟო და საგადასახადო დირექტორატის დირექტორმა ანტონის კასტრისიანაკისიმ განაცხადა, აღნიშნული სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბაჟო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ. "საბაჟო თანამშრომლობის საბაჟო ფორმატი საკუთარ თავში ითვალისწინებს, უპირველეს ყოვლისა, ლეგალური ვაჭრობის განვითარებას, ეფექტური საბაჟო კონტროლის პროცედურების გაძლიერებას, რისკებზე დაფუძნებული კონტროლის პროცედურების შემოღებას და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნული აქტივობების ეფექტურად განხორციელებას", - განაცხადა კასტრისიანაკისიმ.