გერმანიაში ტურისტებისთვის მსოფლიოში პირველი „ჭკვიანი“ ნიშნები დამონტაჟდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მსოფლიოში პირველი ციფრული გიდების სისტემა დანერგეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

სვეტებზე დამაგრებული რამდენიმე ინტელექტუალური LED-განათების ისარი 360 გრადუსით ბრუნავს და მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის არის გზამკვლელი ქალაქის იმ ადგილებისკენ, სადაც ყველაზე აქტუალური და საინტერესო მოვლენები, ჯაზის კონცერტები, გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება.

გარდა ამისა, აბრებზე განთავსებულია QR კოდები, რომლითაც მომხმარებელი ღონისძიებების შესახებ დამატებით ინფორმაციას იღებს და მათზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვის საიტებზე გადადის.

სისტემა დარღვეული მხედველობის ადამიანებისთვისაც ადაპტირებულია. ციფრული გიდის სისტემიდან მიღებული ინფორმაცია ინტეგრირებულია ქალაქის სპეციალურ აპლიკაციასთან, რომელიც დარღვეული მხედველობის მქონე მოქალაქეებს ტელეფონზე ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ