პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია განიხილა და მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში პირვანდელი სახით, ცვლილებების გარეშე დაბრუნდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის მიმართულებები და გამოწვევები, რომლებსაც მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს.

ბიუჯეტის პროექტით რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, ნომინალში მშპ 79,6 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.8%-ით იგეგმება.

"ჩვენი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8 %-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

"საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მართალია ამ ეტაპზე პროექტში ცვლილებები არ შესულა, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ბიუჯეტი პარლამენტის წევრების წინადადებებისა და მოსაზრებების და იმ რესურსების გათვალისწინებით, რა რესურსებიც იქნება წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ცვლილების შემდეგ მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრების ფარგლებში.