აეროპორტის საერთაშორისო სტატუსის დადგენის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ექნება - რას გულისხმობს ცვლილება საჰაერო კოდექსში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საჰაერო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვე, მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობების და დაბრკოლების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხი მოწესრიგდება და კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები შეიქმნება.

„ცვლილების შემუშავების მიზეზია აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ასევე კოდექსის ჰარმონიზება და შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციასთან და მის დანართებთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კანონპროექტით მოხდება აეროდრომების დიფერენცირება. ამავე დროს, განისაზღვრება აეროპორტისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების პირობები. კერძოდ, მხოლოდ საქართველოს მთავრობა იქნება უფლებამოსილი დაადგინოს აეროპორტის საერთაშორისო სტატუსი. მოწესრიგდება აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისათვის ვარგისი ტერიტორიის განსაზღვრის საკითხი.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, იარსებებს ორი გზა, რითაც მოხდება ვარგისობის განსაზღვრა - საქართველოს სივრცითი დაგეგმარების გეგმის, ხოლო მისი არარსებობის ან მასში ამ საკითხის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე დროს, გათვალისწინებულია აეროდრომის მშენებლობის ნებართვის გაცემისას დამატებითი პირობის შემოღება, კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, აეროდრომის და ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით გაიცემა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

თაია არდოტელი