ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ დირექტორს ევროპაში, რანა კარადშეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულმა დირექტორმა ევროპაში, რანა კარადშემ განიხილეს.

„შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი დაესწრნენ, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.

საუბარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას შეეხო. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.