2026 წლის სტრატეგიული გეგმა - Carrefour-ი ხარჯებს 4 მლრდ ევროთი შეამცირებს

ფრანგულმა საცალო მოვაჭრე Carrefour-მა 2026 წლის სტრატეგიული გეგმა გაასაჯაროვა, რომელიც ხარჯების შემცირებასა და ფასდაკლების ფორმატებს მოიცავს. ასევე, გეგმის მიხედვით, კერძო ეტიკეტების შეფუთვებს მეტი ყურადღება დაეთმობა, ხოლო ელექტრონულ კომერციასა და მდგრადობაში ინვესტიციები განხორციელდება. გეგმა Carrefour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ბომპარდმა წარადგინა, რასაც დარგის პორტალი RetailDetail ავრცელებს.

2026 წლისთვის კომპანია ხარჯების სოლიდურ, 4 მლრდ ევროს ოდენობით დაზოგვას გეგმავს. ამის პარალელურად წლიური საინვესტიციო ბიუჯეტი 1,7-დან 2 მლრდ ევრომდე გაიზრდება. ეს, პირველ რიგში, ისეთ გამოწვევბს შეეხება, როგორიც არის მსყიდველუნარიანობა და კლიმატი. საცალო მოვაჭრე ფოკუსირებას გაზრდის კერძო ბრენდებზე, რომელთა წილმაც სურსათის გაყიდვებში 2026 წელს 40% უნდა შეადგონოს, მაშინ, როცა დღეს მათი წილი 33%-ია. ჯგუფი, ასევე, ყურადღებას გაზრდის ფასდაკლების ფორმატებზე. კერძოდ, ბრაზილიაში ფასდაკლების საცალო მოვაჭრე Atacadão 270-დან 470 მაღაზიამდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლის შემოდგომაზე Atacadão-ს პირველი მაღაზია საფრანგეთში გაიხსნება. გაგრძელდება ჯგუფის კიდევ ერთი ფასდაკლების ფორმატის, Supeco-ს ქსელის ზრდა, რაც განსაკუთრებით ესპანეთში მოხდება.

თავის ჰიპერმარკეტებში Carrefour პროდუქციის ასორტიმენტს გაამარტივებს. კვების პროდუქტების ასორტიმენტი 20%-ით შემცირდება, რამაც დახლებზე კითხვადობა უნდა გააუმჯობესოს, ხოლო არასასურსათო სფეროში ფიქსირებული შეთავაზებები 40%-ითაც კი შემცირდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება შემავალი და გამავალი სარეკლამო აქციები.

Carrefour ფრენჩაიზების ფორმატის მტკიცედ ერთგული რჩება: დაგეგმილია 2400 ფრენჩაიზის გახსნა. ევროპაში ყველა ახალი მაღაზიის 90% ფრენჩაიზი იქნება, ხოლო რამდენიმე არსებული მაღაზია ფრენჩაიზად გადაკეთდება. საცალო მოვაჭრე საერთაშორისო გაფართოებას ათ ახალ ბაზარზე აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში გეგმავს. ელექტრონული კომერციის გაყიდვებმა 2026 წლისთვის 10 მლრდ ევროს უნდა მიაღწიოს.

კლიმატის ცვლილებების დასაძლევად Carrefour-ს 2025 წელს, 2016 წელთან შედარებით, მაღაზიებში საკვები ნარჩენების განახევრება სურს. ამ ვადაში კერძო ეტიკეტის მქონე ყველა შეფუთვა მეორადი გამოყენების, გადამუშავებადი ან კომპოსტირებადი უნდა იყოს. ყოველი ხუთი ბუკლეტიდან ოთხი ციფრული იქნება, ხოლო ენერგიის მოხმარება მეხუთედით უნდა შემცირდეს. ამასთან, კომპანია 2026 წლისთვის თავის ავტოსადგომებზე 4,5 მილიონი კვ.მ მზის პანელების განთავსებას აპირებს.

Carrefour მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართ მისწრაფებას აძლიერებს და საფრანგეთში იწყებს ე.წ. ახლომდებარე ეკოლოგიური მაღაზიების ახალ ფორმატს, სახელწოდებით „Potager City“.

2040 წლისთვის კარბონ-ნეიტრალურობა Carrefour-ის მიზნად ისევ რჩება: კომპანიის 100 უმსხვილესი მიმწოდებელი, თავად Carrefour-ის მსგავსად, 2026 წლისთვის „1.5°-იან ტრაექტორიას“ უნდა იცავდეს, წინააღმდეგ შემთვევაში მათი პროდუქცია თაროებიდან მოიხსნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ