რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის საორიენტაციო ფასები შესაძლოა, 50 დოლარით გაზარდოს

რუსეთში მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის დამდგენი საორიენტაციო (ინდიკატორული) ფასები შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნადეჟდა შკოლკინამ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.

მისი თქმით, საექსპორტო გადასახადების ამოღებისას საორიენტაციო ფასის ზრდა ფერმერებს საშუალებას მისცემს, მარცვლეულში ღირსეული ფასი მიიღონ, რასაც ისინი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოსამზადებლად, აღჭურვილობის შესაძენად და მუშების ანაზღაურებისთვის გამოიყენებენ. ამის შედეგად „სახელმწიფოს მარცვლეულის მწარმოებლების მხარდასაჭერად დამატებითი თანხების დახარჯვა აღარ მოუწევს“.

შკოლკინა აქ საბაზისო ფასებს გულისხმობს, რომელიც მთავრობის დადგენილებით ამჟამად ტონა ხორბალზე 15 ათას რუბლს (248.5 დოლარს), ქერსა და სიმინდზე კი 13,8 ათასი რუბლს (229 დოლარს) შეადგენს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, რუსეთის ბაზრისთვის მომგებიანი იქნება, თუკი მარცვლეულის საბაზისო ფასები ტონაზე 3 000 რუბლით (50 დოლარით) გაიზრდება, ანუ ტონა ხორბალზე 15 ათასიდან 18 ათას რუბლამდე (248.5-დან 298 დოლარამდე), ხოლო ქერსა და სიმინდზე 13,8 ათასიდან 15 ათას რუბლამდე (229-დან 248.5 დოლარამდე) მოიმატებს.

შკოლკინა ასევე ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მარცვლეულის საექსპორტო კვოტა, რაც შიდა ბაზარზე რეკორდული მოსავლით გამოწვეულ ზეწოლას შეამცირებს. მანამდე, ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საბაჟო-სატარიფო რეგულირების ქვეკომისიამ მხარი დაუჭირა რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის სატარიფო კვოტის გაზრდას იმ ქვეყნებში, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშრის წევრები არ არიან. უწყების წინადადებით, 2023 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდისთვის ხორბლის, მესლინის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო კვოტა 25,5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ 16 ნოემბრიდან ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე 3012 რუბლიდან 2922,1 რუბლამდე (50-დან 48 დოლარამდე) შემცირდება. ეს 3%-იანი კლება იქნება და საფასურის ოდენობა, ფაქტიურად, წინა კვირის მაჩვენებელს, 2923,2 რუბლს (48 დოლარს) დაუბრუნდება. რაც შეეხება ქერის გადასახადს, ის ტონაზე 2495 რუბლიდან 2686 რუბლამდე (41-დან 44,5 დოლარამდე) გაიზრდება. სიმინდის გადასახადის დინამიკა ყველაზე დიდი იქნება და მაჩვენებელი 2,5-ჯერ დაეცემა. ტონაზე ფასი 1,114.3 რუბლიდან 447,5 რუბლამდე (18-დან 7,4 დოლარამდე) შემცირდება.

ახალი საბაჟო განაკვეთები 22 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე მიმდინარე 314 დოლარის ნაცვლად, 312,3 დოლარი, ქერზე 283,7-დან 288,5 დოლარი, ხოლო სიმინდისთვის არსებული 251,6 დოლარიდან 236,4 დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ