არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობა“ იშლება - ვერ იყოფენ კეზერაშვილს, დაფინანსებას, მედიაზე გავლენას და თანამდებობებს

„ნაცმოძრაობა“ იშლება - „რასაც დასთეს, იმას მოიმკით“ - ეს არის ანდაზა, რომელიც მინდა შევახსენო ე.წ. მთავარ და რადიკალურ პარტიას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ამ კანონს „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ტაშს უკრავდა, თუმცა ახლა სხვაგვარი კანონის მიღება სურს, რადგან ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს.

„ვნახეთ როგორი არათანმიმდევრულია ოპოზიცია, დასაწყისში გვაკრიტიკებდნენ, რომ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის კანონს არ მიიღებდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენ პირველი მოსმენით უკვე მივიღეთ და ახლა არის მეორე მოსმენის პროცედურა. ეს არის უკრაინული მოდელის ანალოგი. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩასული იყო უკრაინაში, ტელეკამერებთან კეკლუცობდნენ და ტაშს უკრავდნენ ზუსტად ამ კანონს, რომელიც უკრაინაში იქნა მიღებული. ახლა თავს იმართლებენ, რომ უკრაინაში ოლიგარქია არის სხვა, მოლდოვაში სხვა და საქართველოში სხვა და ყველამ ტრადიციული ოლიგარქიული კანონი უნდა მიიღოს. როგორც ჩანს, ოლიგარქია მათ ტრადიციების ნაწილად მიაჩნიათ და უნდათ ალბათ, ისეთი კანონპროექტი მოიფიქრონ, რომელსაც ქვეყნის დროშა აქვს. სინამდვილეში ვიცით, რაც უნდათ. მათ აქვთ ძალიან მძიმე პოლიტიკური ტრავმა მიღებული 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ წააგეს არჩევნები, მას შემდეგ ეს პარტია პოლიტიკური შურისძიების მიზნით ცხოვრობს. მათ უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში. ისინი იყვნენ დესტრუქციულები და ამით საბოლოოდ იშლება მათი პარტია. „რასაც დასთეს, იმას მოიმკით“, ეს არის ანდაზა, რომელიც მინდა შევახსენო ე.წ. მთავარ და რადიკალურ პარტიას. შიგნით ნამდვილად მიმდინარეობს დაშლის პროცესი, ვერ იყოფენ კეზერაშვილს, დაფინანსებას, მედიაზე გავლენას და თანამდებობებს და არ არის გასაკვირი, რომ ეს მათ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას იწვევს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.