ნინო წილოსანი - საომარი და გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება

მძიმე პანდემიის და რეგიონში მიმდინარე საომარი და გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წილოსანმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მან გამოსვლა ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა არც კი აინტერესებს.

“თითქოს საზოგადოება შეაჩვიეს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ გამოგონილ რეალობაზე მსჯელობა და უსაგნო კამათია. ალბათ ვერც ერთ დებატს ვერ გაიხსენებთ, სადაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე საინტერესო თემებზე სიღრმისეული და შინაარსიანი დებატები გვქონოდა. ეს შეიძლება, გარკვეულწილად, ჩვენთვის - როგორც მმართველი გუნდისთვის - კარგიც იყოს, მაგრამ პრინციპში, დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია და მათი როლი, როგორც ოპონირების ნაწილში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორი დებატების შემოთავაზება პროცესს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, რაც გააზრებული, არითმეტიკული სიზუსტით გათვლილი ნაბიჯების შედეგია.

“როდესაც 2022 წელს პირველ შვიდ თვეში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს რიგმა ადამიანებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცათ - თითქოს რუსეთთან და რაღაც არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ამ ადამიანებს მინდა შევახსენო, რომ 2021 წელს, სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაში მხოლოდ 5%-ზე ოდნავ მეტი იყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოს 10.4%-იანი ზრდა უფიქსირდებოდა. 2022 წელს საქონლის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი 34%-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც სამჯერ მეტია ვიდრე წინა წელი. მინდა ყურადღება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავამახვილო, რომელიც 922 მილიონი დოლარია და რომელიც გასული წლის მონაცემებს ორჯერ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ უცხოელები, ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ საქართველოში იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება დგამს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.