„საქართველოს მელიორაცია“, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხის 0,4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთებასა და ფილტრაციის საწინააღმდეგო დამცავი კედლის, გადასასვლელი და საცალფეხო ხიდების მშენებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას ხელს შეუწყობს.

„შედეგად, მუნიციპალიტეტში, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ასევე, აღარ იარსებებს არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

აღნიშნული საირიგაციო სისტემით სოფელ როკითისა და დიდველას 350 ბენეფიციარი სარგებლობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 516 000 ლარია, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე სოფელ როკითში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.