ნინო ლაცაბიძე - რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ უნდა შეწყვიტოს თანამშრომლების დისკრიმინაცია და 2023 წლის ბიუჯეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცოს

კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა - რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური ამბიციები, შეწყვიტოს თანამშრომლების დისკრიმინაცია და 2023 წლის ბიუჯეტი, ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცოს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, წლევანდელ საწყის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია და 87 367 700 ლარს შეადგენს.

„ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ, და 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ ველოდებით ზრდას 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ რუსთავში. ეს ტენდენცია შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში. რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მზად არის, ახლა ჯერი საკრებულოზეა.

თქვენ იცით იმ არცთუ ისე ჯანსაღი სიტუაციის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოშია და რომელმაც გასულ კვირას კულმინაციას მიაღწია. რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობამ და თავმჯდომარემ, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით შტატების დამატების და ხელფასის გაზრდის მოთხოვნას, არცერთი საქმიანი ინიციატივით არ მოუმართავთ, გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური ამბიციები, შეწყვიტონ თანამშრომლების დისკრიმინაცია და 2023 წლის ბიუჯეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცონ “, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ბიუჯეტს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს ორი ახალი - ძუძუს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება და შინ მოვლის პროგრამა დაემატა. პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც 2023 წელს განხორციელდება, რუსთავის მერიას ელექტრონული ტენდერები გამოცხადებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები 2023 წლის დასაწყისში, შეფერხების გარეშე დაიწყება. ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის საკრებულოში მერიამ გუშინ შეიტანა.