ამერიკული საინვესტიციო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტირების განხორციელებას გეგმავს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდის Gazelle Finance გენერალური დირექტორი ჯეფრი ლიბერტი მიიღო.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი. ამერიკული საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფრი ლიბერტიმ ისაუბრა მისი კომპანიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ოპერაციების დაწყების შესახებ. ამერიკელმა სტუმარმა საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს გააცნო ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის შემოსვლას, როგორიცაა Gazelle Finance -ი. მისი განცხადებით, ამერიკული საინვესტიციო ფონდი აპირებს, რეგიონში განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების საკრედიტო და კაპიტალში მონაწილეობის ოპერაციები. ამით შეივსება ის სიცარიელე, რომელიც დღეს არის ამ მიმართულებით ფინანსურ სექტორში.

ამერიკული საინვესტიციო ფონდის Gazelle Finance-ის გენერალურმა დირექტორმა ჯედრი ლიბერტმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა არის სტაბილურად მზარდი და მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. ამდენად, მისი კომპანია გეგმავს, განახორციელოს ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის ყველა სეგმენტში, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gazelle Finance მიმდინარე წლის შემოდგომიდან გეგმავს საქართველოში ბიზნესის დაწყებას და მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში საქმიანობას საქართველოს ოფისიდან განახორციელებს.