”180 000 ლარის ნივთები მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის არის განკუთვნილი”

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 180 000 ლარის ღირებულების ნივთები განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის, როდესაც სამი წლის წინ, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისთვის იგივე რაოდენობის ნივთები მილიონნახევარი დაჯდა.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვის კომენტირებისას განუცხადა. "რაც შეეხება ნივთების შეძენას, იმისათვის, რომ გავარკვიოთ ეს ძვირადღირებულია თუ არა, აზრი აქვს, რომ გავაკეთოთ შედარება. 180 000 ლარის ღირებულების ნივთები განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის. შედარებისთვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისთვის სამი წლის წინ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ნივთები მილიონნახევარი დაჯდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად გამართლებულია "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფარგლებში, ასეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ეს შესყიდვა ახლა არ განხორციელებულა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის რემონტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ეს იყო იმ პერიოდში გაკეთებული შეკვეთა, რომელიც ახლა უნდა ჩამოვიდეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსური ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა.