ნიდერლანდები მომავალი წლიდან „სიცილის აირის“ გაყიდვას კრძალავს

ჰოლანდიის მთავრობამ 2023 წლის 1 იანვრიდან აზოტის ოქსიდის გამოყენება აკრძალა, რომელიც ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკულ საშალებად გამოყენების გამო ქვეყანაში „სიცილის აირად“ არის ცნობილი.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა. მომავალი წლიდან რეკრეაციული გამოყენებისთვის „სიცილის აირის“ იმპორტი, გაყიდვა ან ფლობა იკრძალება. აზოტის ოქსიდის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო და ტექნიკური მიზნებისთვის, ასევე, საკვები პროდუქტების დანამატად იქნება ნებადართული.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკად „სიცილის აირის“ მზარდი გამოყენება გახდა. ნიდერლანდების ტრიმბოსის ინსტიტუტმა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას სწავლობს, დაადგინა, რომ წვეულებებზე ახალგაზრდების 37% აზოტის ოქსიდს რეგულარულად შეისუნთქავს. მისი ჩასუნთქვის დროს ადამიანი ხანმოკლე ეიფორიას განიცდის. „სიცილის აირი“ ბოლო წლებში ფესტივალებზე გავრცელდა, რადგან თავისუფლად იყიდებოდა. მას, ასევე, ათქვეფილი ნაღების დასამზადებლად, ხოლო სტომატოლოგიაში ანესთეზიისთვის იყენებენ.

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი, მარტენ ვან ოიენი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული რისკი ტვინსა და სხეულზე „სიცილის აირის“ ზემოქმედების შესახებ. ის განსაკუთრებით ავიტამინოზთად ასოცირდება, რამაც შესაძლოა, ნერვების შეუქცევადი დაზიანება და ხანგრძლივი დამბლა გამოიწვიოს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევების ხშირი მიზეზი გახდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან „სიცილის აირი“ ოპიუმის აქტის შავ სიაში მოხვდება. მანამდე მისმა მწარმოებლებმა და სამედიცინო აზოტის ოქსიდის გამყიდველებმა პასუხისმგებლობის თავიდან აიცილების მიზნით მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ.

ნიდერლანდები გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც „სიცილის აირს“ აკრძალავს. 2020 წელს დანიამ მისი გაყიდვა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის შეზღუდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ