"სმარტი" ახალ საიმიჯო კამპანიას და დასაქმების პროექტს იწყებს

საბურთალოზე, ცინცაძის N37-ში მდებარე სუპერმარკეტში "სმარტი" დღეს, ახალი საიმიჯო კამპანიისა და დასაქმების ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

კომპანიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე "სმარტი" სამი სუპერმარკეტის გახსნასა და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

"11 სერიისგან შემდგარი ვიდეო რგოლები, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება "სმარტის" თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას და "სმარტში" დასაქმების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ "სმარტის" ფეისბუქ გვერდზე და დასაქმდნენ. "სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე", - აცხადებენ "სმარტში".