McDonald's-ი ბელარუსშიც „Вкусно и точка“ ხდება

McDonald's-ი ბელარუსში რუსული „Вкусно и точка“-ს ბრენდის ქვეშ გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული ქსელის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„Вкусно и точка“-ს მმართველობამ ფრენჩაიზის ხელშეკრულება კომპანია „КСБ Виктори Рестораны“-სთან გააფორმა, რომელიც ბელარუსში McDonald's-ის ქსელს მართავს. განცხადების თანახმად, „Вкусно и точка“ ექსკლუზიური უფლებების გადაცემის პროცედურას ასრულებს, ხოლო „ახალ ბრენდზე გადასვლამდე ქსელი ბელარუსის ბაზარზე McDonald's-ის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს მუშაობას“.

ბელარუსში ოპერირებას კომპანია რამდენიმე კვირაში დაიწყებს. „Вкусно и точка“-ში განმარტავენ, რომ აუცილებელი იურიდიული პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც ბრენდი ბელარუსის ბაზარზე უწყვეტ მუშაობას დაიწყებს.

19 ოქტომბერს „Вкусно и точка“-მ რუსეთში მენიუს ზოგიერთ პროდუქტზე ფასების ზრდა დააანონსა. „ბურგერების“ კატეგორიის ექვს პოზიციაზე პროდუქტი 5-10%-ით ძვირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ