ვინ არის ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობის მცდელობაც სუს-მა აღკვეთა

ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობის მცდელობაც სუს-მა აღკვეთა ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრი იციკ მოშეა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი ავრცელებს.

მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მკაცრად გმობს ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობას.

“იციკ მოშე წლებია იბრძვის საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; ის არის ბიზნეს საზოგადოების უაღრესად პატივსაცემი წევრი და დიდი ქველმოქმედი, ეს მკვლელობის მცდელობა არის ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა გმობს ყველანაირ ტერორისტულ აქტს და მადლობას უხდის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მკვლელობის მცდელობის დროული აღკვეთისთვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

იციკ მოშე 1959 წელს დაიბადა და 1971 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა. 1996 წლიდან არის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. 2013 წელს დააარსა „ისრაელის სახლი“, რომელიც მიზნად ისახავს კავშირების განმტკიცებას მეგობარ ქვეყნებთან.