ირაკლი ხელაძე - თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი ციფრები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი ძალიან პროდუქტიული იქნება

საერთო ჯამში, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი ციფრები და ფინანსთა სამინისტროდან დამატებითი ტრანსფერების მოლოდინი, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი ძალიან პროდუქტიული იქნება, ბევრად ნაკლები პრობლემით, ბევრად მეტი დაკმაყოფილებული საჭიროებით და ხვალინდელი თბილისი აუცილებლად უკეთესი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე და ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ,133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 1 438 775 ლარს შეადგენს.

„პრიორიტეტული მიმართულებებია: ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოიცავს; ასევე მომდევნო წელს გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა; გაგრძელდება დაწყებული პროექტები - ისტორიული შენობების და ძეგლების რეაბილიტაცია.

მომდევნო წელს დაგეგმილია როგორც პარკების, ასევე სკვერების მშენებლობა. 2023 წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება, ასევე სპორტის და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად სპორტული ობიექტების მშენებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა გაგრძელდება,“ - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.