იციკ მოშე - უფრო დაცული ვარ, ვიდრე წინა კვირას ვიყავი, მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

უფრო დაცული ვარ, ვიდრე ვიყავი წინა კვირას. ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა, რითაც გამოეხმურა მისი მკვლელობის მცდელობის აღკვეთას.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, მას ისრაელის პრეზიდენტი დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

„მე რომ ეს ყველაფერი მეგრძნო, რა თქმა უნდა, ქართულ და ისრაელის მხარეებს შევატყობინებდი. გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო. მტრის მოტივაციას ბევრი მიზეზი არ სჭირდება, ზოგადად ისრაელის, ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის დიდი ანტისემიტური აქცია, ქმედებები, რომელიც წელიწადში 50%-ზე მეტით იზრდება. ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ საფრთხის წინაშე დგას. პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ამაყობს ჩემი მუშაობით ისრაელზე ზრუნვისთვის და რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს“,- აცხადებს იციკ მოშე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.