რამდენი ვებ-გვერდი დაიბლოკა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში

IDFI-მ 2022 წლის 12 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გამოითხოვა, 2017 წლიდან დღემდე ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის მიზნით, კომისიის მიერ ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაგზავნილი ყველა მოთხოვნა.

როგორც კვლევიდან ჩანს, ამ პერიოდში კომისიამ ვებ-გვერდების დაბლოკვის შესახებ, 65 მიმართვა გაუგზავნა პროვაიდერებს. ჯამში მოთხოვნილია 480 ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა.

„მხედველობაში თუ არ მივიღებთ ინტერნეტ გვერდებს, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი არის 55%. ასეთმა მაჩვენებელმა და დაბლოკვისთვის თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის“,- აღნიშნულია კვლევაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2017 წელს კომისიას არც ერთი ვებ-გვერდის დაბლოკვა არ მოუთხოვია. საიტების დაბლოკვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2022 წელს (მხოლოდ პირველი 9 თვის განმავლობაში) გამოვლინდა.

ამასთან, დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა (77%) მოდის საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციაზე. საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი სხვა პროდუქცია - 16.5%, პორნოგრაფია - 6.5%.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად კომისიას მიმართავდნენ - სახელმწიფო ორგანოები (38%), შემდეგ - იურიდიული პირები (31%) და ფიზიკური პირები (20%).

„გამოვლინდა დაბლოკვისთვის თავის არიდების სხვადასხვა ხერხები: მობილური აპლიკაციის შეთავაზება. აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმები (მაგ. TELEGRAM) სხვა მისამართზე (დომენზე) განთავსებული იგივე ვებგვერდის თაობაზე ინფორმაციის გასავრცელებლად.

დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები

დაბლოკვის დაბალმა მაჩვენებელმა და სხვადასხვა გზით თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“,- აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

უფრო კონკრეტულად:

untitleddewatgwyhsuyh-1668596616.png

ნინი ქეთელაური